
საქართველო, მოლდოვა, უკრაინა და აზერბაიჯანი თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნაზე შეთანხმდნენ.
ხელი მოეწერა ოქმს სუამ-ის თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ შეთანხმებისთვის საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის წესების თაობაზე და კონვენციას სუამ-ის წევრ-სახელმწიფოთა შორის საკონსულო საკითხებში ურთიერთდახმარების აღმოჩენის შესახებ, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
გადაწყვეტილება გაერო-ს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის მაღალი დონის კვირეულის ფარგლებში, დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია – სუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს 39-ე სხდომაზე მიიღეს.
სხდომაში მონაწილეობდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი, მოლდოვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის მინისტრი, ნიკუ პოპესკუ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიჰუნ ბაირამოვი, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება და სუამ-ის გენერალური მდივანი, ალთაი ეფენდიევი.
ილია დარჩიაშვილმა სხდომის მონაწილეებს გააცნო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება და უსაფრთხოების გარემო.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს ტრანსპორტის, დაკავშირებადობის და ენერგეტიკის მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას, რომელიც კიდევ უფრო პრიორიტეტული გახდა უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე.