
მიჩიგანის შტატში სენატმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც გმობს შტატის განათლების დეპარტამენტის სასწავლო ვიდეოებს გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციის შესახებ და ასევე, იმ ფაქტს, თუ როგორ დაევალათ მასწავლებლებს მოსწავლეების იდენტობის შეცვლასთან დაკავშირებული ინფორმაციის მშობლებისგან საიდუმლოდ შენახვა.
„შეერთებულ შტატებში ცალსახად განისაზღვრა მშობლების ფუნდამენტური უფლებები თავიანთი შვილების აღზრდასთან დაკავშირებით. მშობლები არიან სწორედ ის ადამიანები, რომლებიც ყველაზე მეტად ფლობენ ინფორმაციას თავიანთი შვილების საჭიროებებისა და გარემოებების შესახებ და შესაბამისად, უნდა შეინარჩუნონ უფლებამოსილება ყველა ინფორმაციასა და გადაწყვეტილებაზე, რამაც შესაძლოა ზემოქმედება მოახდინოს თავიანთი შვილების ჯანმრთელობასა თუ კეთილდღეობაზე“, – ასე იწყება ახლადმიღებული რეზოლუციის ტექსტი.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ „მიჩიგანის შტატის განათლების დეპარტამენტის LGBTQ მასწავლებელთა სასწავლო ვიდეოების ნაწილი რეკომენდაციას იძლევა, რომ მშობლებს თავიანთი შვილების გენდერულ იდენტობაზე, სექსუალურ ორიენტაციასა და გენდერულად ნეიტრალური ნაცვალსახელების გამოყენებაზე არაფერი უთხრან“ და რომ „ეს ვიდეოები სკოლის პედაგოგებს ასწავლის, რომ მათ ბავშვის გენდერი და სექსუალური ორიენტაცია არ უნდა გაამჟღავნონ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს ბავშვში სუიციდურ ფიქრებს აღძრავს“.
„ეს არა მარტო ბავშვის სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს, არამედ ასევე, მშობლებს ართმევს კუთვნილ ფუნდამენტურ უფლებებს, დაიცვან თავიანთი შვილების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“, – წერია კანონპროექტში.