
იტალიელი პოლიტიკოსები ურსულა ფონ დერ ლაიენს სთხოვენ, რომ ნუ ჩაერევა იტალიის არჩევნებში, მას შემდეგ, რაც ევროკომისიის პრეზიდენტმა რამდენიმე დღით ადრე, სანამ იტალიის მოსახლეობა ქვეყნის ახალ ხელისუფლებას აირჩევს, გამაოგნებელი მუქარა გააჟღერა.
ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებენ მას შემდეგ, რაც იგი იტალიას ბრიუსელის „ინსტრუმენტების“ გამოყენებით დაემუქრა იმ შემხთვევაში, თუ ქვეყნის ეროვნული არჩევნების შემდეგ, რომელიც 25 სექტემბერს უნდა ჩატარდეს, ბრიუსელისთვის მიუღებელი შედეგი დადგება. ფონ დერ ლაიენმა ასევე, დასძინა, რომ ბრიუსელის ეს „ინსტრუმენტები“ უკვე გამოიყენება უნგრეთისა და პოლონეთის წინააღმდეგ.
„ჩვენ ვიხილავთ იტალიის არჩევნების შედეგებს. თუ ყველაფერი სხვა მიმართულებით წავიდა – და მე ვსაუბრობ უნგრეთსა და პოლონეთზე – ჩვენ გაგვაჩნია ინსტრუმენტები“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა. მან კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც ჟურნალისტმა პრინსტონის უნივესიტეტში, ამერიკის შეერთებულ შტატებში განაცხადა, რომ იტალიის არჩევნებში მონაწილეობას იღებდნენ „პუტინთან დაახლოებული“ კანდიდატები და ჰკითხა მას, თუ რა რეაგირება ექნებოდა ევროკავშირს იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში სწორედ ეს კანდიდატები გაიმარჯვებდნენ.
ევროკომისიის პრეზიდენტის კომენტარებმა, რომელიც, შეიძლება ითქვას, ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურას წარმოადგენს ევროკავშირის ყველა ინსტიტუციაში, იტალიელ პოლიტიკოსებში დიდი აღშფოთება გამოიწვია.
ფონ დერ ლაიენმა თავის განცხადებაში ნათლად მიუთითა ევროკავშირის შესაძლებლობაზე, შეწყვიტოს ნებისმიერი წევრი ქვეყნის დაფინანსება, რომელსაც იგი კანონის უზენაესობის დამრღვევად მიიჩნევს. ბრიუსელს თავისი ინსტრუმენტები ევროპაში ნებისმიერი დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების დასასჯელად შეუძლია გამოიყენოს.
იტალიელი პოლიტიკოსები უკვე გამოეხმაურნენ ევროკომისიის პრეზიდენტის მუქარას.
იტალიის ულტამემარჯვენე ლიგის პარტიის ლიდერმა მატეო სალვინიმ აღნიშნულთან დაკავშირებით Twitter-ის გვერდზე დაწერა: „რას ნიშნავს ეს მუქარა? ეს სამარცხვინო ქედმაღლობაა“, და ფონ დერ ლაიენს სთხოვა, პატივისცემა გამოეხატა იტალიელი ხალხის თავისუფალი, დამოუკიდებელი და სუვერენული არჩევნების მიმართ.