
როგორც ცნობილია, ზურაბ ჭიაბერაშვილი ,,ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობისთვის არჩევნებში მონაწილეობაზე ,,ფიქრობს”. აღნიშნულს გიორგი ბარამიძე გამოეხმაურა. ზურას ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ვერ გავიგე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და, მითუმეტეს, მის თავმჯდომარეობასთან რა კავშირი აქვს, – განაცხადა მან.
,,მე იმ განცხადებას ვგულისხმობ, როცა დატოვეს „ნაციონალური მოძრაობა“ იმ დროს, როცა ბიძინა ივანიშვილს ამოცანად გაცხადებული ჰქონდა „ნაციონალური მოძრაობის“ განადგურება. შესაბამისად, მაშინ იმ ნაბიჯის გადადგმა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვეს იმ კონტექსტში, რომ მიხეილ სააკაშვილის ჩაჩოჩებაზე იყო მთავარი ამბავი, უბრალოდ, ამ ისტორიიდან გამომდინარე, უხერხულია. ისე, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გააკეთოს ის, რაც უნდა. არავინ არავის არაფერს უკრძალავს და ვერ აუკრძალავს. ერთი არის პირადი დამოკიდებულება, ერთი არის მეგობრობა და მეორე არის პოლიტიკური სწორი და არასწორი ნაბიჯები. ერთმანეთისგან ეს უნდა გავყოთ“, – აღნიშნა გიორგი ბარამიძემ.