
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა, „ქრისტიან-დემოკრატების“ საერთაშორისო გაერთიანების კონგრესზე განაცხადა, რომ საჭიროა უკრაინის სუვერენიტეტის უზრუნველყოფა, რათა რუსეთი არ წარმოადგენდეს საფრთხეს ევროპისთვის. ორბანის თქმით, ევროპა ერთდროულად რამდენიმე გამოწვევის წინაშეა, ისეთი გამოწვევებისა, როგორებიცაა უკრაინის ომი, თანმხლები ეკონომიკური კრიზისი, არალეგალური მიგრაცია და „დასავლური ნეომარქსისტული იდეოლოგიის გავრცელება”.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ასევე, განაცხადა, რომ მოკლევადიანი მიზანი რეცესიის თავიდან აცილებაა, თუმცა ომის გამო ენერგორესურსების ფასის ზრდა და ევროკავშირის სანქციები ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის ამ მიზნის მიღწევას ართულებს.