
Fox News Digital-ის ცნობით, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის საგანმანათლებლო საქმიანობის განყოფილების ორმა მასწავლებელმა თავდაცვის დეპარტამენტის სკოლები „მარქსისტული“ იდეოლოგიის ინდოქტრინაციასა და „სოციალური ინჟინერიის“ სწავლების დანერგვის მცდელობაში დაადანაშაულა.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის საგანმანათლებლო საქმიანობის განყოფილება (DODEA) პენტაგონისა და ფედერალური სასკოლო სისტემის ფილიალს წარმოადგენს, რომელიც სამხედრო მოსამსახურეების შვილების განათლების მიღებაზე ზრუნავს. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის სკოლებში 70000 ბავშვი ირიცხება, სკოლამდელი აღსაზრდელებიდან მე-12 კლასის მოსწავლეების ჩათვლით.
სკოლის ორმა მასწავლებელმა, რომელთაც უსაფრთხოების მიზნით, საკუთარი ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავეს, გამოცემა Fox News Digital-თან საუბრისას განაცხადეს, რომ გენდერულ იდეოლოგიასა და ამერიკის ისტორიასთან დაკავშირებით ალტერნატიული შეხედულებების გამოთქმას DODEA-ში შესაბამისი შედეგები მოჰყვება.
მათ აღნიშნეს, რომ ბევრი მათი კოლეგა არ ეთანხმება სკოლის სასწავლო გეგმას, თუმცა, ამასთან დაკავშირებით ხმამაღლა საუბარს ვერ ბედავენ.
ინტერვიუს დროს ერთ-ერთმა მასწავლებელმა, სამხედრო ვეტერანმა, განმარტა, რომ მისი აზრით, „ყველაზე დიდი პრობლემა“, რასაც სამხედროები აწყდებიან, არის „კულტურა, რომელიც ვოკეიზმის სახელით არის ცნობილი“.
„მე მას სოციალურ-მარქსისტულ მიმართულებას დავარქმევდი“, – დაამატა მეორე მასწავლებელმა.
მასწავლებლების თქმით, უკანასკნელ წლებში DODEA-მა შეცვალა სამსახურში აყვანის პოლიტიკა, სასწავლო გეგმა და ასევე, ბიბლიოთეკის წიგნები და შედეგად, მთელი სასწავლო სისტემა მემარცხენე პოლიტიკამ მოიცვა.
„ჩვენ ჯერჯერობით ჩინური ინდოქტრინაციის დონეზე არ ვართ. თუმცა, გვინდა, რომ აღნიშნული საკითხი დროულად მოვაგვაროთ, სანამ ის სერიოზულ პრობლემად იქცევა“, – აღნიშნა მასწავლებელმა.
პედაგოგების მტკიცებით, DODEA-ი „მოსწავლეებისთვის თავზე ისეთი საკითხების მოხვევას განაგრძობს, რასაც სკოლასთან არანაირი კავშირი არ აქვს. მან თავდაცვის დეპარტამენტის სკოლებში დანერგილი სოციალური ინჟინერიის მაგალითად „გენდერული გადანაწილება“ მოიყვანა.
მასწავლებლების განცხადებით, სასკოლო გეგმისა და ბიბლიოთეკის წიგნების შინაარსის რადიკალური შეცვლა ერთ-ერთი მთავარი მიზეზია იმისა, რომ მოსწავლეების რაოდენობა, რომლებიც ტრანსგენდერებად იდენტიფიცირდებიან, სულ უფრო იზრდება.
თავდაცვის დეპატამენტის წარმომადგენელმა Fox News Digital-ისთვის მიცემულ საპასუხო ინტერვიუში განაცხადა, რომ ყველანაირი ცვლილება, რაც მათ სკოლაში ხორციელდება, მხოლოდ და მხოლოდ ბავშვების სასიკეთოდ და მათი უკეთესი მომავლისთვის ხდება.