
ბრიტანეთის არმიის ვეტერანს პოლიცია იმის გამო დაუპირისპირდა, რომ იგი ბორნმუთის აბორტის კლინიკის მახლობლად იდგა და ლოცულობდა. მამაკაცის დანაშაული იმაში მდგომარეობდა, რომ იგი თავისი მოკლული ვაჟისთვის ჩუმად ლოცულობდა.
ბოლო თვეების განმავლობაში ადამ სმიტ-კონორი მეორე ბრიტანელია, რომელიც არა ხმამაღლა ნათქვამი სიტყვისა და ჩადენილი ქმედებისთვის, არამედ ჩუმად ლოცვისთვის დააკავეს – მის თავში არსებული აზრების გამო.
კონორმა ქრისტიანების სამართლებრივი მხარდაჭერის ამერიკულ ჯგუფთან საუბარში განაცხადა, რომ „22 წლის წინ ყოფილი შეყვარებული წავიყვანე დაწესებულებაში, სადაც მისთვის აბორტის გასაკეთებლად თანხა გადავიხადე. მხოლოდ მრავალი წლის შემდეგ გავაცნობიერე, თუ რა საშინელება ჩავიდინე და ეს ჩემს ცხოვრებაში დიდი მწუხარების მიზეზად იქცა“.
„ახლა მე ვლოცულობ ჩემი ვაჟისთვის და უფალს პატიებას ვთხოვ“, – განაცხადა კონორმა და დასძინა, „ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ჩუმად ლოცვა ჩემი სამართლებრივი დევნის მიზეზი გახდებოდა“.
ბრიტანეთის ორსულობის მრჩეველთა სამსახური (BPAS), სადაც კონორ-სმიტი მივიდა და აბორტით დახოცილი ბავშვებისა და კლინიკის სამედიცინო პერსონალისთვის ლოცვა ითხოვა, გაერთიანებულ სამეფოში აბორტების წამყვანი პროვაიდერია და თავის ვებ-გვერდზე ტრაბახობს კიდეც, რომ დიდ ბრიტანეთში ყოველი მესამე ქალი „45 წლის ასაკამდე ერთ აბორტს მაინც გაიკეთებს“.
ეროვნული კათოლიკური რეესტრი იტყობინება, რომ სმიტ-კონორი კლინიკის მახლობლად იდგა და ჩუმად ლოცულობდა, როცა მას ორი პოლიციელი მიუახლოვდა და კითხვების დასმა დაუწყო იმასთან დაკავშირებით, თუ რით იყო დაკავებული და რაზე ლოცულობდა. მას შემდეგ, რაც კონორმა უპასუხა, რომ იგი აბორტის შედეგად მოკლული შვილისთვის ლოცულობდა, სამართალდამცავებმა აუხსნეს, რომ კლინიკის მახლობლად არსებული ტერიტორია ბუფერულ ზონად ითვლებოდა, სადაც მსგავსი ქმედებების განხორციელება, მათ შორის, საპროტესტო აქციის მოწყობა, სიტყვიერად თუ ბანერების საშუალებით პროტესტის გამოხატვა, ნაკურთხი წყლის პკურება, აკრძალული იყო და ასეთი დარღვევის გამო, დამნაშავეს 100 ფუნტის ოდენობის ჯარიმის დაკისრება ან სასამართლოს წინაშე წარდგომა ემუქრებოდა.
კონორმა, რომელიც ჩუმად ლოცვის გამო დააჯარიმეს, განაცხადა, რომ „ქვეყანაში, სადაც თავისუფლება მთავარ ღირებულებად ითვლება, ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს“.