
გადაწყვეტილება, უარი ითქვას კონსტიტუციით გათვალისწინებული მოლდოვის ნეიტრალურ სტატუსზე და სამხედრო ალიანსში გაწევრიანების შესახებ, ქვეყნის მოქალაქეებთან ფართო კონსულტაციების შემდეგ უნდა იქნას მიღებული, – განაცხადა მოლდოვის თავდაცვის მინისტრმა ანატოლი ნოსატიმ.
Politico-სთვის მიცემულ ინტერვიუში პრეზიდენტმა მაია სანდუმ აღნიშნა, რომ ახლა სერიოზული დისკუსიები მიმდინარეობს იმის შესახებ, შეუძლია თუ არა მოლდოვას უსაფრთხოების უზრუნველყოფა, თუ საჭიროა ნატოში გაწევრიანება?!
ამასთან დაკავშირებით თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ნეიტრალიტეტის სტატუსზე უარის თქმა უნდა ემთხვეოდეს ხალხის სურვილს, გახდნენ სამხედრო ბლოკის ნაწილი თუ არა.
„სამწუხაროდ, თავდაცვის სექტორი დავიწყებას მიეცა, ინვესტიციები არ ხორციელდება, ამიტომ ვერ გავუძლებთ დღევანდელ გამოწვევებს. ჩვენმა ნეიტრალიტეტის სტატუსმა, ისევე როგორც თავდაცვის სისტემამ მარტო დაგვტოვა. ეს სტატუსი უკვე აღარ არის აქტუალური. ნეიტრალიტეტის სტატუსი პოლიტიკოსემბა უნდა განიხილონ, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს მოქალაქეების აზრის გაუთვალისწინებლად. ეს თემა უნდა იყოს განხილვის, ანალიზის საგანი. ეს არის დემოკრატიული პროცესი, რომელიც უნდა განხორციელდეს ყველა დებულების შესაბამისად“, – განაცხადა ანატოლი ნოსატიმ.