
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ჯვრის თაყვანისცემას აღნიშნავს. ეს დღე ყოველ წელს დიდი მარხვის მესამე კვირას აღინიშნება და მორწმუნენი პატიოსან ჯვარს სცემენ თაყვანს. ჯვრის სულიერი თაყვანისცემა უფლის მიერ ჯვარცმის დროს დათმენილი ვნებისათვის ღვთისადმი მადლობის გრძნობას ნიშნავს, რადგან თავისი ჯვრით მან მარადიული სიკვდილისგან გვიხსნა. ამ დღეს ყველა ტაძარსა და მონასტერში საღმრთო ლიტურგია აღევლინება, სადაც ჯვრის ტროპარი – ,,აცხოვნე, უფალო, ერი შენი“ – იგალობება, სახარებიდან კი ის ეპიზოდი იკითხება, სადაც ქრისტე მორწმუნეთ საკუთარი ჯვრის აღებასა და თავის უარყოფას უდებს მცნებად.