
ტეხასის შტატის დასავლეთ ნაწილში არსებული უნივერსიტეტის პრეზიდენტმა უოლტერ ვენდლერმა სტუდენტებისთვის, პროფესორ-მასწავლებელთა და პერსონალისთვის გაგზავნილ ოფიციალურ წერილში განაცხადა, რომ ტრანსვესტიტების შოუები შეურაცხყოფენ და ამცირებენ ქალის ფენომენს და შესაბმისად, მისი გადაწყვეტილებით, სასწავლებელი მსგავსი ტიპის ღონისძიებებს არ უმასპინძლებს.
ვენდლერის მიერ ამ განცხადების გაკეთებამდე ცოტა ხნით ადრე უნივერსიტეტის ფარგლებში არსებულმა სტუდენტურმა ორგანიზაციამ Instagram-ზე გამოქვეყნებულ პოსტში სასწავლებლის სივრცეში ტრანსვესტიტების შოუს გამართვა დააანონსა.
აღნიშნულის საპასუხოდ ვენდლერმა დაწერა, რომ „ტეხასის უნივერსიტეტი სასწავლებლის სივრცეში ტრანსვესტიტების შოუს არ უმასპინძლებს. ღონისძიება 2023 წლის 31 მარტს არის დაგეგმილი, ორგანიზაცია „Trevor Project“-ისთვის თანხების მოსაზიდად. „Trevor Project“-ი წარმოადგენს არაკომერციულ ორგანიზაციას, რომელიც LGBTQ საზოგადოებაში სუიციდის პრევენციის საკითხზეა ორიენტირებული“.
„ტრანსვესტიტების შოუ ეს არის შეურაცხმყოფელი, დამცინავი, საზოგადოების დამყოფი, მორალურად გამანადგურებელი მიზოგინია. ასეთი ქმედება ეწინააღმდეგება დასავლეთ ტეხასის უნივერსიტეტის პოლიტიკას. არცერთი პირი თუ ჯგუფი საკუთარი თავის წარმოჩენას სხვა პირის თუ პირთა ჯგუფის დაცინვისა და დამცირების ხარჯზე არ უნდა ცდილობდეს. მე, როგორც უნივერსიტეტის პრეზიდენტი, ჩვენს უნივერსიტეტში მსგავსი ტიპის ღონისძიებების გამართვას არ დავუშვებ, თუნდაც იმ მიზეზით, რომ თითქოსდა, ეს არის თავისუფლი სიტყვის გამოხატვის ან იუმორისტული წარმოდგენის ერთგვარი ფორმა. რადგან სინამდვილეში ეს ასე არ არის. მე არანაირი მიზეზით მხარს არ დავუჭერ არცერთ შოუს, წარმოდგენასა თუ ღონისძიებას, სადაც ხდება სხვების, ამ შემთხვევაში, ქალების დამცირება“, – აცხადებს უნივერსიტეტის პრეზიდენტი.
ვენდლერის ასეთი მკაცრი და კატეგორიული განცხადების შემდეგ სტუდენტურმა ორგანიზაციამ, რომელმაც სასწავლებლის სივრცეში ტრანსვესტიტების შოუს გამართვა დააანონსა, უნივერსიტეტის პრეზიდენტისგან გაუქმებული ღონისძიების აღდგენა, ბოდიშის მოხდა და დაკავებული თანამდებობის დატოვება მოითხოვა.