
2023 წლის დასაწყისიდან გერმანიაში 100000-ზე მეტი თავშესაფრის მაძიებლის განაცხადი შევიდა, რაც წინა წელთან შედარებით 78%-ით გაიზარდა. ქვეყანაში მიგრანტთა მასიური შედინება მოსახლეობაში არსებულ ანტიიმიგრაციულ განწყობას კიდევ უფრო აძლიერებს. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ ახალი ამბების ფრანგული საინფორმაციო სადგური Europe 1-ი ავრცელებს.
Europe 1-ის გადამღები ჯგუფი საფრანგეთის მომიჯნავე გერმანულ ქალაქ კელს ეწვია, სადაც ამჟამად 1200 თავშესაფრის მაძიებელი ცხოვრობს. აღსანიშნავია, რომ ეს ციფრი მხოლოდ ერთ წელიწადში გაორმაგდა. ადგილობრივებს მიგრანტების მორიგი ტალღის მოლოდინში მოსვენება აქვთ დაკარგული. ქალაქში შემავალი დევნილების დიდი რაოდენობის გამო სოციალური მომსახურების სააგენტოები სრული დატვირთვით მუშაობენ და დევნილთა განსათავსებელი ობიექტები თითქმის მთლიანად გადატვირთულია.
თუმცა, ერთ-ერთი სადავო საკითხი მაინც გერმანიის უძრავი ქონების მზარდი კრიზისია.
ერთ-ერთი ადგილობრივი მოსახლე, რომელიც კელში უკვე 40 წელია ცხოვრობს, ლტოლვილებს ქალაქში დასახლებაში ეხმარება, თუმცა, მისი თქმით, სერიოზულ პრობლემებს აწყდება.
„აშკარაა, რომ არ არის საკმარისი სივრცე. ოროთახიანი ბინის ქირაობა დღეს თვეში 900 ევრო ჯდება, საცხოვრებელი ფართის პოვნა უკვე ადგილობრივებსაც კი უჭირთ“, – დაიჩივლა მან ფრანგულ ტელევიზიასთან საუბრისას. საცხოვრებელი ფართის სიმცირის გამო, ქალაქის მერმა დევნილებისთვის 50 ახალი საცხოვრებელი ბინის მშენებლობა წამოიწყო. მერის თქმით, ახალი საცხოვრებელი ფართის მშენებლობა სპორტულ დარბაზებსა და კლუბებს გამოანთავისუფლებს, სადაც დღესდღეობით ლტოლვილები არიან შესახლებულნი.
მიგრაციის მზარდმა ნაკადმა ქირის თანხის 5%-ით მომატება გამოიწვია, რადგან ქვეყანა დევნილების საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას ვერ ახერხებს.
ფრანგული ტელევიზიის ცნობით, გერმანიის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ მიგრანტების ნაკადების ქვეყანაში შესვლა მკაცრად გაკონტროლდება. თუმცა, კრიტიკოსების თქმით, მთავრობის მხრიდან მსგავსი ტიპის დაპირებები წარსულშიც არაერთხელ გაკეთებულა. განსაკუთრებით, 2016 წლის მიგრანტული კრიზისის დროს. მიუხედავად ამისა, მიგრანტების ნაკადი დღემდე არ შესუსტებულა. შექმნილმა ვითარებამ გერმანიის 16 რეგიონს მიგრანტების ნაკადის შესაჩერებლად შესაბამისი მკაცრი ზომების მიღების მოთხოვნა აიძულა.
ქვეყნის მოსახლეობაში კრიზისთან დაკავშირებული უკმაყოფილება თანდათან მატულობს. გერმანიაში ჩატარებული უამრავი გამოკითხვა ცხადყოფს, რომ ადგილობრივებს მიგრანტების ნაკადის შეჩერება სურს.
გერმანიის პარტიის – ალტენატივა გერმანიისთვის მხარდამჭერთა რაოდენობა გასულ წელს საგრძნობლად გაიზარდა მას შემდეგ, რაც მათ განაცხადეს, რომ ულტრამემარჯვენეებთან არაფერი აქვთ საერთო. მათი ამომრჩევლების რაოდენობამ 17%-მდე მოიმატა, რაც ხუთი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია და მხარდამჭერთა რაოდენობით მწვანეთა პარტიასაც კი უსწრებს.