
მონტანას შტატის რესპუბლიკელმა გუბერნატორმა გრეგ ჯანფორტემ ხელი მოაწერა ახალ კანონპროექტს, რომელიც ბავშვებისთვის „სექსუალური ხასიათის შოუებზე“ დასწრებასა და საზოგადოებრივ ადგილებში უხამსი წარმოდგენების ყურებას არსებითად კრძალავს. კანონში ტრანსვესტიტების მიერ წარმოდგენილი ღონისძიება, ე.წ. „კითხვის საათი“, განსაზღვრულია, როგორც „ღონისძიება, რომლის დროსაც ტრანსვესტიტი პირი არასრულწლოვან ბავშვებს წიგნებს უკითხავს და მათ სხვადასხვა სასწავლო აქტივობებით აკავებს“.
რესპუბლიკელები უკვე დიდი ხანია ცდილობენ ტრანსვესტიტების ამ ღონისძიების გაუქმებას, რომლის მთავარ სამიზნეს სწორედ არასრულწლოვანი ბავშვები წარმოადგენენ. ისინი ბავშვებს ისეთი სახის სექსუალური შინაარსის მასალას სთავაზობენ, რაც მათი ასაკობრივი კატეგორიისთვის სრულიად შეუფერებელია. LGBTQ-ების მხარდამჭერებმა კანონი სასტიკად გააკრტიკეს და აღნიშნული მათ თემზე განხორციელებულ მორიგ თავდასხმად განიხილეს.
„მონტანას შტატში მიღებული ახალი კანონი, რომელიც გამოხატვის თავისუფლებისა და ხელოვნების კრიმინალიზებას ცდილობს, ყველასთვის განგაშის მიზეზად უნდა იქცეს. ტრანსვესტიტების მორალური პანიკა ამ ქვეყანაში უკვე დიდი ხანია ტრანს-მიზოგინიისა და ზოგადად, ტრანსფობიის განტევების ვაცად არის ქცეული“, – განაცხადა ტრანსვესტიტების ღონისძიების – „კითხვის საათის“ – აღმასრულებელმა დირექტორმა CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
სხვა შტატებმა ტრანსვესტიტების ბავშვებისთვის განსაზღვრულ წარმოდგენებთან დაკავშირებით თავიანთი აკრძალვებისა და შეზღუდვების რეგულაციები უკვე გამოსცეს. თუმცა, მონტანა წარმოადგენს პირველ შტატს, რომელმაც კონკრეტულად საჯარო სკოლებსა და ბიბლიოთეკებში ტრანსვესტიტების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, ე.წ. „კითხვის საათი“, მიიტანა იერიში.
Breitbart News-ის ცნობით, მონტანა ასევე, პირველი შტატია, სადაც ჩინეთის საკუთრებაში არსებული სოციალური მედია პლატფორმა TikTok-ი აიკრძალა იმის შიშით, რომ მისმა კავშირმა კომუნისტების მიერ კონტროლირებად ხელისუფლებასთან შესაძლოა ხალხის კონფიდენციუალურობის უფლება დაარღვიოს. აკრძალვის დაწესებისას რესპუბლიკელმა გუბერნატორმა ჯანფორტემ განაცხადა, რომ კანონი „მონტანელების პირად და კონფიდენციალურ მონაცემებს ჩინეთის კომუნისტური პარტიისგან დაიცავს“.
„ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ TikTok-ის ამერიკელებზე დაზვერვის განხორციელების მიზნით გამოყენების, მათი კონფიდენციალურობის უფლების დარღვევისა და მათზე პირადი და სენსიტიური მონაცემების შეგროვების ფაქტი დოკუმენტურად არის დადასტურებული“, – დასძინა ჯანფორტემ.
სოციალური მედია პლატფორმა TikTok-ის მესვეურებმა ბრალდებები კონფიდენციალური ინფორმაციის შეგროვებასთან დაკავშირებით უარყვეს და აღნიშნული კანონპროექტის მიღება უკანონო ქმედებად შეაფასეს, რაც მათი აზრით, პირველი შესწორების დარღვევას გულისხმობს.