
„ქართული ოცნების“ უმრავლესობაში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ გაჟღერებული 26 მაისის გზავნილები გააპროტესტეს. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი აღნიშნავს, ზურაბიშვილის სიტყვა არ შეეფერებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.
დამსწრე საზოგადოება ზურაბიშვილის გამოსვლის ტექსტმა იმდენად გააღიზიანა, რომ სიტყვის წარმოთქმის დროს კადრში ისმის, რომ მას სავარაუდოდ „მოღალატეც“ უწოდეს.
„სიტყვა „მოღალატე“ არ თქმულა, შეიძლება, ვიღაცამ თქვა ასეთი სიტყვა, მაგრამ მე არ მითქვამს. გავაპროტესტე, რადგან მისი სიტყვა არ შეეფერებოდა საქართველოს დამოუკიდებლობას, არ შეეფერება საქართველოს“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა.
„ნამდვილად არ არის ეს ის ფორმატი, ის დღე, როდესაც შეიძლება მსგავსი გზავნილები გააჟღერო საქართველოს პრეზიდენტმა. ეს არის დღესასწაული, რომელსაც ზეიმობს საქართველოს თითოეული მოქალაქე. სამწუხაროდ, პრეზიდენტის გზავნილები დღეს, საზოგადოების არა მეტი კონსოლიდაციისკენ, არამედ მეტი გაყოფისკენ იყო მიმართული“, – აღნიშნა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა.
“ქართული ოცნების” დეპუტატი, მიხეილ სარჯველაძე კი ამბობს, რომ ბევრმა მისმა კოლეგამ გააპროტესტა პრეზიდენტის სიტყვები და ტაშიც არ დაუკრეს მას, რაც სამართლიანი იყო.