
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სომხეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებებმა აღდამის რაიონში განლაგებულ აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ორი აზერბაიჯანელი სამხედრო დაიჭრა.
„სომხეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებებმა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, სადაც დროებით რუსული სამშვიდობო ძალები არიან განლაგებული, ნაღმმტყორცნებისა და სხვადასხვა კალიბრის იარაღის გამოყენებით ცეცხლი გაუხსნეს აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს, რომლებიც აღდამის რაიონში არიან დისლოცირებული. შედეგად აზერბაიჯანის არმიის ორი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა. დაჭრილ სამხედროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს“, – აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში.
სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ კი აღნიშნული უარყო:
„აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ დეზინფორმაცია გაავრცელა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადება, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა ცეცხლი გაუხსნეს აზერბაიჯანის საგუშაგოებს, რეალობას არ შეესაბამება“.