
აზერბაიჯანული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ აზერბაიჯანმა ყარაბაღში სამმხრივი განცხადების დებულებების უზრუნველსაყოფად ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყო.
„დაიწყო ადგილობრივი ანტიტერორისტული მოქმედებები სამმხრივი განცხადების დებულებების უზრუნველსაყოფად, ყარაბაღის ეკონომიკურ რეგიონში ფართომასშტაბიანი პროვოკაციების აღსაკვეთად, სომხეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებების ჩვენი ტერიტორიებიდან განიარაღებისა და გაყვანის, მათი სამხედრო ინფრასტრუქტურის განეიტრალების მიზნით, ასევე, ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ტერიტორიებზე დაბრუნებული მშვიდობიანი მოსახლეობის მშვიდობის, სამშენებლო-სარესტავრაციო სამუშაოებში ჩართული მშვიდობიანი მოსახლეობისა და ჩვენი სამხედრო პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და აზერბაიჯანის რესპუბლიკის კონსტიტუციური წესრიგის აღსადგენად“, – აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებების ფარგლებში აზერბაიჯანს სომხეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებების საცეცხლე წერტილები, აგრეთვე, საბრძოლო აქტივები და სამხედრო ობიექტები მაღალი სიზუსტის იარაღის გამოყენებით მწყობრიდან გამოჰყავს.
„ვიმეორებთ, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები სამიზნეს არ წარმოადგენს. ხდება მხოლოდ სამხედრო სამიზნეების მწყობრიდან გამოყვანა“, – აცხადებენ უწყებაში.